საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განვითარების პარტნიორებთან ონლაინ-შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი უძღვებოდა, ესწრებოდნენ ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების, საქართველოს სამინისტროების, სამთავრობო დაწესებულებების, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების, დონორი ორგანზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს „საპილოტე ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) მხარდამჭერი ევროპული პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD) ფარგლებში დაგეგმილი ე.წ. დელეგირებული მართვის ტექნიკური/ექსპერტული დახმარების პროექტის დეტალების განხილვას.
PIRDP განიხილება, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც შექმნის ხელსაყრელ გარემოს დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად ტერიტორიული განვითარების ინიციატივების მეშვეობით ოთხ საპილოტე რეგიონში: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
პროგრამის განხორციელება ემყარება ქვემოდან ზემოთ დეცენტრალიზებულ მიდგომას და ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობას პროგრამის პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების შერჩევისას.
დამსწრეთ წარედგინათ ინფორმაცია PIRDP-ის მიმდინარეობის შესახებ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებების პერსპექტივიდან. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და იმ საკითხებს, რომლებიც უნდა აისახოს ე.წ. დელეგირებული მართვის სამომავლო პროექტში.